პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესწრება, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.
აღნიშნული პროექტი ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.
პროექტი, რომელიც 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობისა და „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა, კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართული პროექტის აღიარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
სალომე ზურაბიშვილმა დელეგატები მუცოში დაპატიჟა და აღნიშნა, რომ ამ სოფლის დათვალიერება სხვა სამყაროსა და სხვა საუკუნეში მოგზაურობას ნიშნავს.
„ყველა პროექტი ადამიანებთანაა დაკავშირებული. მუცოს რეაბილიტაციის პროექტი კი სოსო ბანძელაძეს უკავშირდება, რომელიც დღეს ჩვენს შორის აღარაა. ის ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე, პარიზში, შატლეს თეატრში მისი პროექტი „საზოგადოების რჩეულის“ პრიზს მიიღებდა.
ეს კი ევროპაში დაბრუნებას ნიშნავს.
მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, მისია საქართველოს ევროპაში დაბრუნებაა. ევროპაში კი ჩვენ ასე ვბრუნდებით – კულტურით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა სამიტის მონაწილეებს უახლოეს მომავალში საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დღეების ჩატარება შესთავაზა.
საქართველოდან დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, „ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის თანადამფინანსებელი ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მელივა, პროექტის „ქართული სახლი“ ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელი ნანა მეფარიშვილი, პროექტის შემსრულებელი კომპანიის „არქიტექსი“ წარმომადგენელი შალვა მელიქიძე.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.