სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არის ძალიან დაფასებული და მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში
ბრიუსელში ვიზიტი იყო პოზიტიური, პოზიტიური იყო განწყობა ორივე მხრიდან, ევროკავშირისგან და ნატო-სგან, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ყველა პირველმა პირმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩამოვიდნენ საქართველოში.
„ყველა დონის შეხვედრა შეთანხმებული იყო, ანუ არც ერთ დონეზე უარი არ მიგვიღია და შევხვდით მათ, ვისაც საჭირო იყო. ნიშანდობლივია, ევროკავშირის ყველა პირველმა პირმა საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობა მოგვცა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მომცა თანხმობა, ჩამოვიდეს ბათუმის კონფერენციაზე დასასწრებად. მისი ვიზიტი იქნება ოფიციალური, თბილისში დაიწყება და ბათუმში გაგრძელდება. ასევე, საქართველოში ჩამოვლენ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის კომისარი მიშელ ბარნიე, რომელიც დღეს ბრექსიტის საკითხებში არის წამყვანი ფიგურა. მანაც გამოხატა ინტერესი, დაესწროს ბათუმის კონფერენციას“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის მხრიდან ძალიან დაფასებულია.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, უცვლელია საქართველოს მოსახლეობის დადებითი განწყობა, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
„საქართველო არის ძალიან დაფასებული და ძალიან მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა. ცოტანი დარჩნენ ასეთი, რომელშიც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი. NDI-ის კვლევაშიც გამოჩნდა, რომ ჩვენთან უცვლელია განწყობა ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ. ეს არის განწყობა, რომელიც მე ჩავიტანე ბრიუსელში. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზედაც არის სრული კონსენსუსი ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალებს შორის. რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან უცვლელია დადებითი განწყობა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ველოდებით უფრო ჩქარ პროგრესს, უფრო გამბედავ ნაბიჯებს.
ეს ორი განწყობა იყო თანხვედრაში ამ ვიზიტის დროს. ჩემი მხრიდან არა მხოლოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს არის კონსენსუსის საკითხი ქვეყანაში, არამედ იმასაც, რომ მესმის, დღევანდელ დღეს რა არის შემაფერხებელი გარემოებები – ბრექსიტი, ევროპარლამენტის არჩევნები. არავინ იცის, რა შედეგი იქნება არჩევნებში, თუმცა ამ რეალიზმის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვიყოთ და მეც ვიქნები ამბიციური საქართველოსთვის. საქართველოს აქვს ყველა მონაცემი, რომ გადაიდგას უფრო სწრაფი ნაბიჯები. უფრო გამბედავი ნაბიჯები ნიშნავს, რომ ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში და საქართველო ევროპაში უნდა იყოს გამოჩენილი. ჩვენ ვართ იმ სამი ქვეყნიდან, რომელსაც აქვს დღეს ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ ვართ უფრო წინ მდგომი სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე. ეს სტატუსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ევროკავშირმა შეგვიქმნას პირობები, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სტატუსი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.