სალომე ზურაბიშვილი - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებსა და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობის პოლიტიკის ნაწილია
საქართველო არ ეგუება და არც შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.