სალომე ზურაბიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა არის კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის შეურაცხყოფა და არა ვიღაც ადამიანების
სალომე ზურაბიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა არის კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის შეურაცხყოფა და არა ვიღაც ადამიანების

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეურაცხყოფის მიყენება კონსტიტუციისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფას ნიშნავს.

როგორც ზურაბიშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო აღნიშნულ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა იზრუნოს ინსტიტუტების გაძლიერებაზე და არ დააკნინონ.

„მან უკვე დადო ფიცი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ახალი მოსამართლე ინიშნება, საკონსტიტუციო სასამართლოში. სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, ვინც გარეთ არიან, არ ესმით, რომ როცა შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის და არა ვიღაც ადამიანების. მე მგონი, რომ ამის შეგნება არის ის, რაც უნდა გავიგოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე. სახელმწიფო არის ამ ინსტიტუტებზე დამოკიდებული და ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები და არა – დავაკნინოთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას და მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოთქმულ კითხვებს, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გამომძიებელი არ არის და ადამიანების წარსულში ქექვას ვერ დაიწყებს.

„მე პირადად ვარ დამოკიდებული გამოძიებაზე და ესეც არის ინსტიტუტების საკითხი. თუ მე ვცემ პატივს იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც აბარიათ ამის გამორკვევა, არ შეიძლება, რომ მე ცალკე ვიყო გამომძიებელი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს. მოსამართლის ფიცი უკვე დადო ვასილ როინიშვილმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს კვოტით იქნა არჩეული.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ ჩამოიშალა, რადგან სასამართლოში ადეიშვილი დაბრუნდა.

„ვასილ როინიშვილის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოში ნიშნავს ადეიშვილის დაბრუნებას სასამართლოს სისტემაში და არის კონსტიტუციისა და სახელმწიფოს ღალატი“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ირაკლი კუპრაძე.