სალომე ზურაბიშვილი - სახელმწიფო მექანიზმები იხვეწება და მკაცრდება, რათა ჩვენი კულტურისთვის სრულიად მიუღებელი ფენომენი - ძალადობა აღმოიფხვრას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.
პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება, როგორც ახალ ბავშვთა კოდექსს, ასევე იმ ინიციატივას, რომელიც შემაკავებელ ორდერთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო მექანიზმები იხვეწება და მკაცრდება, რათა ჩვენი კულტურისთვის სრულიად მიუღებელი ფენომენი – ძალადობა აღმოიფხვრას, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ საზოგადოების და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც არის ძალადობის მიუღებლობა და დროული რეაგირება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახალ „ბავშვთა კოდექსში“ საკმაოდ კარგადაა გაწერილი ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმები, თუმცა მისი განხორციელებისას პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
შეხვედრისას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში სხვადსხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პრეზიდენტი და სახალხო დამცველი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მონაწილეობა მიიღოს და აქტიურად ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციას, ბავშვებამდე ინფორმაციის მიტანას და ახალ სერვისებზე წვდომის გაზრდას.