სალომე ზურაბიშვილი - სახელმწიფო არის იმდენად ძლიერი და განვითარებული, როგორც ექცევა თავის ვეტერანებს
ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არის იმდენად ძლიერი და განვითარებული, როგორც ექცევა თავის ვეტერანებს.
„უპირველესად, მომავალი პრეზიდენტი ვალდებულია, ვეტერანებს მოუსმინოს და იყოს მათი უფლებების დამცველი, მათი პრეზიდენტი. რამდენიმე კონკრეტული საკითხი იყო დასმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, დაისვა საკითხი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რას გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის გამთლიანება მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს.
„მე მგონია, რომ პირველი ქმედითი ნაბიჯია შიგნით გაერთიანება, გაძლიერება ამ სახელმწიფოსი და შემდეგ ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ეს საკითხი არ დარჩეს როგორც საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, მაგრამ სადღაც შიგნით შეგუებული ვართ, ან ასე ვჩანვართ ყოველ შემთხვევაში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მართლაც საზრუნავი და პრიორიტეტი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრაზე.