სალომე ზურაბიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
სალომე ზურაბიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ნათლად ჩანს, რა როლი ითამაშა პროფესიონალიზმმა, მთავრობამ ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან მაღალ დონეზე შეასრულეს მოვალეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე , სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.

„მოგესალმებით, ჩემო თანამემამულეებო, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრო, ქალაქის მერო, პატივცემულო საზოგადოებავ, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება.

„დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი, ეს უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამით არ დასრულებულა და უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ. როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმმა, ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ, ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია, ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული.

სწორედ პროფესიონალიზმმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივად და სადაც აუცილებელი იყო, არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არც აღმსარებლობის თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად, შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულისგან.

​„ყველას შეგვიძლია, ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი, ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო-ს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენ მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა, ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა. თუმცა ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად შევდივართ მეორე და შეიძლება ითქვას, უფრო რთულ ფაზაში. პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილისა და თავისუფლებას შორის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.