სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარიზში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

„26 სექტემბერს, ინვალიდების სასახლეში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელზეც პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს მიმართავს.

ღონისძიებაზე საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მუზეუმს და სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს ვიცეპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ბიუსტები გადაეცემა, რომელიც ქართველმა მოქანდაკემ გურამ ნიკოლაძემ შექმნა.

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ქართული დიასპორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოებს და სახელმწიფო ჯილდოებს მის შთამომავლებს გადასცემს.

იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა საფრანგეთისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.