საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თავად განაცხადა.
„დღეს უკვე აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მოაწერეს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 23 აგვისტოდან აღარ ვითვლები საფრანგეთის მოქალაქედ. ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან საფრანგეთმა ერთი საუკუნის მანძილზე, ქართველებს, ემიგრანტებს, პირველ რიგში, დიასპორას, რომელიც წავიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დიდი დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა. მათ არა მხოლოდ განძი დაუბრუნა, როცა ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა საქართველოში, არამედ შეუნარჩუნა ლევილის სასახლე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა, აუცილებელია, რადგან არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს.
„ეს არის სრულიად ნორმალური, ლოგიკური, ნებისმიერ ქვეყანაში ასე იქნებოდა. ვთვლი, რომ ეს არის აუცილებელი გადაწყვეტილება. ცხოვრება უცნაურია – როცა ვთმობ საფრანგეთის მოქალაქეობას და ვიქნები მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ქართველებს ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნების საშუალება ექნებათ. ოთხ წლიანი ბრძოლა, რომელიც დავიწყე უცხოეთიდან, აგვისტოში გამარჯვებით დასრულდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, შეიცვალა არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ კანონი, რომელიც აუცილებელი იყო კონსტიტუციის შესაბამისად, ის უკვე ძალაშია და ამ უფლებით სარგებლობა ყველას შეუძლია.
„მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა, რომლის გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს საშუალება აქვთ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ. პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივის მომზადება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება.