სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტებზე ისაუბრა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საფრანგეთში ვიზიტმა მას საშუალება მისცა, საქართველოს სახელით მადლობა ეთქვა საფრანგეთისთვის.
„მომეცა საშუალება მადლობა მეთქვა საფრანგეთისთვის, რათა 1921 წლის შემდეგ მან შეიფარა საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია, ხელი შეუწყო საგანძურის დაბრუნებას, 2008 წელს კი, ჩვენს ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის პროცესში დახმარება აღმოუჩინა. მეტად სიმბოლურია პრეზიდენტების ხელმოწერით დიმიტრი ამილახვრის დიალოგის დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მომწოდებელი.
„კულტურის დარგში გვაქვს შემოთავაზება, რომ ვუმასპინძლოთ პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა გერმანიის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროების განვითარებისას.
„კანცლერმა მერკელმა სრული მზადყოფნა გამოხატა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაციის მხარდასაჭერად. გერმანულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ. საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების გამოყოფას. ამან უნდა შეამციროს არალეგალური მიგრაცია. ამავდროულად, იგი ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს პროფესიული განათლების მიღებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.