სალომე ზურაბიშვილი - საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები
სალომე ზურაბიშვილი - საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ოპონენტები ცდილობენ, დააპირისპირონ ყველასთან, მათ შორის, ეკლესიასთან.

„ეს ცრუ ცნობები არის დღევანდელი მსოფლიოს კიბო. ეს გვეხება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველამ ვიცით, რომ რუსეთმა ეს ამერიკაში, ამერიკულ არჩევნებში გამოიყენა და ამაზე მიდის გამოძიება. ჩვენ აქ, პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ რუსეთი ჩვენს არჩევნებზე არ მუშაობს? რუსეთი უშუალოდ მუშაობს. რა არის მიზანი ცრუ ცნობების? ის, რომ დამაპირისპირონ ყველასთან, მათ შორის ეკლესიასთან, ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე პირიქით ვთქვი, რომ ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას. არ ვარ მე კანაფის დედოფალი. პატრიარქმა გააკეთა განცხადება და ეს არის ყველაფერი.

ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, ფიქრობენ,  რომ რუსეთი იყო და არის ამ ქვეყნის მუდმივი აგრესორი. რუსეთი არის ოკუპანტი, ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, გარდა ამისა, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობენ ზვიადისტებთანაც დააპირისპირონ.

„სამეგრელოში რომ მოვდიოდი, უამრავი ადამიანი და ახლობელი მირეკავდა, ნუთუ შენ დაწერე, რასაც ავრცელებენო. არაფერიც არ დამიწერია, ეს არის კიდევ ერთი ცრუ ცნობა. არ დამიწერია, შემიძლია დავამტკიცო. ჯერ ერთი, იმ დროს, როდესაც ამის დაწერას მაბრალებენ, ვიყავი საფრანგეთის დესპანი და ვინც იცის დიპლომატიის წესები, ისიც იცის, რომ ამ დროს მე არ მაქვს უფლება, რამე დავწერო რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკის შესახებ. ეს რომ გამეკეთებინა, მერწმუნეთ, არასდროს ვიქნებოდი ამ ქვეყანაში საფრანგეთის მიერ ელჩად დანიშნული.

არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ ქვეყანაში გადატრიალების მომხრე, რატომ? რადგან იპოდრომზე ხომ გამოვედი და მერე ხომ ვიდექი ქუჩაში 100 დღე თქვენთან ერთად. შეგიძლიათ, ამოიღოთ ფირები და ნახოთ, ჩემი ლოზუნგი იყო „არა გადატრიალებას“ და „არა გარიგებას“. გადატრიალებასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას არაფერი არ მოაქვს ქვეყნისთვის და მეტადრე ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ამიტომ მეკითხებიან და ეს არის დაპირისპირების კიდევ ერთი ფორმა, რას ფიქრობთ ზვიად გამსახურდიაზე? მე ერთადერთი რამე უნდა ვთქვა და გავიმეორო, ის პრეზიდენტი, რომელმაც აიღო თავის თავზე და რეფერენდუმის ორგანიზება გააკეთა, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ყოველთვის იქნება ჩემთვის პატივსაცემი.

იყო მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ დამაპირისპირონ ადამიანებთან, რომლებიც არიან ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები და მომავალს უყურებენ იმედიანად – აფხაზეთთან. რაც ვთქვი, აქაც გაგიმეორებთ. ვთქვი, რომ აფხაზეთი არის სამეგრელოს მეზობელი, ანაკლიასთან მეზობლად არსებული და მინდა რომ აქ, ამ ადგილას, სადაც ეს კულტურა ესოდენ ძლიერი იყო, გავხსნათ იპოდრომი. თურმე ამით გავხდი მოღალატე, თურმე ამით ვაღიარე, არ ვიცი, რა. სასაცილოა, მაგრამ რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ვიღაცები მოდიან და ამ სიტყვებს ათამაშებენ, ავრცელებენ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.