სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილს შეეძლო, 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ თავი დაკარგა ძალაუფლებაში
მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ მან თავი დაკარგა ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანულმა გამოცემამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით – „ყოველდღე პროვოკაციები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და იმაზე, როგორ გახდა ფრანგი კავკასიაში ქვეყნის მეთაური“. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ კრისტიან ეშმა ჩაწერა.
„შპიგელის“ ჟურნალისტი სტატიაში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილმა მიიყვანა, თუმცა მოგვიანებით ზურაბიშვილი მის მოწინააღმდეგედ იქცა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ უყურებს სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობას.
„მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, მან მნიშნელოვანი როლი შეასრულა. მას შეეძლო, 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა, მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა. რა თქმა უნდა, მის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა „გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„შპიგელის“ ჟურნალისტმა მიმართა ზურაბიშვილს კითხვით, „უცხოეთში 2008 წლის ომზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას აღიარებენ, თქვენ საქართველოში მკაცრად გაგაკრიტიკეს, როცა ამაზე მინიშნება გააკეთეთ. ამის თქმა ქვეყანაში დღემდე არ არის შესაძლებელი?“
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისე წარმოაჩინეს, თითქოს საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაშინ ჩვენი პროვოცირება მოხდა ძალიან ძლიერად და ჩვენ უნდა გვეცადა, შევწინააღმდეგებოდით ამას. შევძლებდით თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ: ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე პროვოკაციებს ვაწყდებით, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და რუსების წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი, რადგან ჩვენ ამგვარი ბრძოლის მოგებას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.