სალომე ზურაბიშვილი  - სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს იყო ტერიტორიის დაბომბვა და ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება
სალომე ზურაბიშვილი  - სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს იყო ტერიტორიის დაბომბვა და ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება

არსებობს საერთაშორისო სამართალი, ამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი და ეს ქვეყანა არის რუსეთი, საქართველოს საერთოდ არც ერთი თავისი მეზობელი ქვეყნის საზღვარი არ გადაულახავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „იმ პროვოკაციებში, იმ პერიოდში როცა გაუთავებლად იყო დაბომბვები ჩვენი სოფლების, რა უნდა გაეკეთებინა ან რა არ უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს, ამაზე ჯერ კიდევ აქვს ისტორიას თავისი სათქმელი მომავალში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, დღეს როგორც პრეზიდენტი, აღარ ამბობს, რომ საკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

„როგორ არ დაბომბა ცხინვალი, სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი და დაბომბა ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ მე ამას ვთვლი, როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობას ომში, ეს არის განსხვავება. ომი იყო. ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება, რადგან სამართლებრივად ომზე პასუხისმგებელია ის, ვინც დაიწყო საომარი მოქმედებები და გადმოვიდა საზღვარზე. ჩვენ არ გადავსულვართ საზღვარზე. მე ვამბობ, რომ დანაშაული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი ტერიტორია და ეს არის შიდა პოლიტიკა, ამაში ვერ ვთანხმდებით. მოსახლეობა არ დაბომბა, დაბომბა ტერიტორია, რომელიც არის ჩვენი, შვიდ რიცხვში ღამით. ეს არის ის დანაშაული, რომელიც არის ჩვენი პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით. რაც ეხება საერთაშორისო სიტუაციას, დამნაშავე არის ერთი, ეს არის რუსეთი, რომელიც შემოიჭრა კოდორის ხეობაში, რომელზეც არავინ არ საუბრობთ რატომღაც, ეს იყო პირდაპირ შემოჭრა და გადალახვა ჩვენი საზღვრის. ამიტომ ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული.

ეს არის შიდა პოლიტიკა, რომელიც ჩვენ შორის უნდა გავარჩიოთ, რა იყო სწორი. საერთაშორისო დონეზე საერთოდ არ ვართ დამნაშავე. მშვიდობიანი მოსახლეობა წინა დღეს იყო გაყვანილი, რაზეც უნდა დავფიქრებულიყავით, რა ხდებოდა იმ დროს. მე ვამბობ, რომ ეს იყო დაბომბვა ტერიტორიის. აქ არის ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა, რომელიც გვეხება ჩვენ, როგორც ქვეყანას. ვერ წავალთ წინ, თუ არ გვეცოდინება, შიგნით რა შეცდომები დავუშვით. თუ ვლაპარაკობთ ხვალინდელ შერიგებასა და გამთლიანებაზე, ეს საკითხები ჩვენს შორის უნდა გავარკვიოთ და არა საერთაშორისო დონეზე,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.