სალომე ზურაბიშვილი - სააკაშვილის გამო რომ საზღვარგარეთ მყოფი მილიონ-ნახევარი ადამიანი დავსაჯოთ, ეს სააკაშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება
მიხეილ სააკაშვილის გამო რომ საზღვარგარეთ მყოფი მილიონ-ნახევარი ადამიანი დავსაჯოთ და ქვეყნის ცხოვრებაში მათი მონაწილეობა დავკარგოთ, ეს სააკაშვილის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმედი მაქვს, ამ შეცდომას არ დავუშვებთ. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის პოლიტიკური საფრთხეა, მაგრამ ამაზე ორი პასუხი არსებობს – სასამართლო და არჩევნები. თუ ვთქვათ, მტკიცებულებები არ არსებობს და ვთვლით, რომ მას სასამართლოთი ვერაფერს ვუზამთ, მეორე უფრო სერიოზული ბერკეტი არჩევნებია იმისთვის, რომ სააკაშვილს ამ ქვეყანაში რამენაირი პოლიტიკური აქტიურობის საშუალება ჰქონდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საფუძვლიანია პოლიტიკოსთა მოსაზრება პოლიტიკური საფრთხეების შესახებ, რომლებიც ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილისთვის ჩამორთმეულ მოქალაქეობას ახსენებენ და რამდენად შეიძლება, სააკაშვილი საქართველოსთვის საფრთხედ განვიხილოთ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს ორმაგი მოქალაქეობის მიღებას და ასეთის არსებობის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მათი პრევენცია, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესია, უცხოეთში წასული ქართველები არ დავკარგოთ და ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები იყვნენ, მითიური საფრთხეები არ უნდა შევქმნათ.
„საუბარი ბევრ საფრთხეზე მიდის, მაგრამ პირადად მე საფრთხეებს ვერ ვხედავ, რადგან უცხო ქვეყნის აგენტებს ძალიან ბევრი პასპორტი აქვთ და სხვადასხვა მოქალაქეობით სარგებლობა მათთვის რთული არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.