სალომე ზურაბიშვილი - რუსეთს სურს დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზეც შეტევა ხორციელდება
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთს სურს დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზეც შეტევა ხორციელდება

ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რუსეთის ინტერესებშია.

სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ საკუთარი პროფილის ამაღლება საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგობაში დაეხმარება.

„გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს – დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველო დაინახონ არა მხოლოდ რუსული პრიზმით, არამედ როგორც უძველესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს ბევრი რამ შესთავაზოს.