სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა ვერ შეძლო, საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია ნატო-სა და ევროპისაკენ მიმავალი კურსიდან
გერმანული გამოცემა „შპიგელი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით – „ყოველდღე პროვოკაციები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინზე, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვასა და იმაზე, როგორ გახდა ფრანგი კავკასიაში ქვეყნის მეთაური“. სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ კრისტიან ეშმა ჩაწერა.
როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს, ევროპა იმ ქვეყნის პერსპექტივიდან, რომლებსაც მასში გაწევრიანება უნდათ, სულ სხვაგვარად ჩანს.
„ისინი კი, ვინც უკვე მისი წევრები არიან, ხშირად ევროპით დაღლილები ჩანან და მოუთმენლობას ავლენენ, ზოგჯერ დამფრთხლებიც არიან. ჩვენ კი, რომლებიც გარედან ვაკვირდებით, კვლავინდებურად აღფრთოვანებულები ვართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, საქართველოს იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას – პოლიტიკურ ელიტას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა სურს, მაგრამ ამავდროულად რუსეთთან ტერიტორიული დავები მიმდინარეობს, ზურაბიშვილი პასუხობს: „საქართველოში ეს მხოლოდ ელიტა არ არის. მოსახლეობაშიც ფართო კონსენსუსი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ხალხს იმის თქმაც ხომ შეუძლია: ეს ძალიან გრძელი გზაა და მივაღწევთ კი ოდესმე მიზანს? მაგრამ, პირველ რიგში, სურვილი, მივეკუთვნებოდეთ ევროპას, ღრმადაა ფესვგადგმული ჩვენს ღირებულებებში; და მეორე, ჩვენ სხვა პერსპექტივას საქართველოსთვის ვერ ვხედავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„შპიგელის“ კითხვაზე, დროის რა მონაკვეთში ვარაუდობს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირისა თუ ნატო-ს წევრობის პერსპექტივას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების გადაწყვეტილება ამჟამად და უახლოეს მომავალშიც არარეალისტურია. ამასთან, აღნიშნა, რომ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ახლა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების უკეთესი შანსები აქვს, ვიდრე ორი-სამი წლის წინ.
„ევროკავშირს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, ჯერ – შიგნიდან, შემდეგ – გარედან, და ამიტომ ვიცი, რომ მას ნამდვილად დიდი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს – კრიზისული პერიოდების გარდა. და ახლა ჩვენ ძალიან სერიოზული კრიზისი გვაქვს ბრექსიტიდან და პოპულიზმიდან გამომდინარე. ევროკავშირი დგას გამოწვევის წინაშე. ბრექსიტის გამო, ის თავისი საგარეო ურთიერთობებისთვის ახალ ფორმებს ეძებს და შეიძლება საქართველომ თავისი თანამშრომლობის ფორმაც იპოვოს. საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს იმის განცდა, რომ ჩვენ დინამიკა გვაქვს. სწორედ ისე, როგორც ეს იყო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის ჩათვლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კრისტიან ეშის კითხვაზე, მიულოცა თუ არა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ მიულოცია.
„არა. უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
„შპიგელის“ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი ურთიერთობა აქვს ამჟამად საქართველოს რუსეთთან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რუსეთმა ვერ შეძლო, საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია ნატო-სა და ევროპისაკენ მიმავალი კურსიდან.
„კარგი ის არის, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, საქართველოს ერთი სანტიმეტრითაც კი გადაეხვია ნატო-სა და ევროპისკენ მიმავალი კურსიდან. ეს კი რუსეთის ყველა ნაბიჯის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა. 2008 წლის ომი, რუსეთის ბაზების შექმნა, აფხაზეთში რუსიფიცირება, საოკუპაციო საზღვრების თანდათანობით გადაწევა – ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ჩვენი განზრახვის შეცვლა. ცუდი კი ისაა, რომ მდგომარეობა გაყინულია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვცადოთ, რომ [მდგომარეობა] არ გაუარესდეს. რუსეთს არ შეუძლია საქართველოს შეცვლა და საქართველოს არ შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შეცვლა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ყოფნისას, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოა; „2005 წელს რუსეთი მზადაც კი იყო, საქართველოდან სამხედრო ბაზები გაეყვანა“.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „მაშინ ეს სხვა რუსეთი იყო. ის ბევრ რამეში უფრო პრაგმატული იყო. ახლა რუსეთი გაცილებით მეტად იდეოლოგიური სახელმწიფოს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც გამოწვევებს აყენებს. მოსკოვი დღესდღეობით ფიქრობს, რომ ეს აგრესიული, თავდაჯერებული პოზიცია ხელსაყრელია. მე ამაში ეჭვი მეპარება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.