სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა უნდა ისწავლოს თავისი საზღვრები, საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე
საქართველოს სურს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთმა მისი მიწა დატოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად შედგება, რუსეთმა ასევე უარი უნდა თქვას საქართველოს თითქმის 15-წლიანი ოკუპაციისგან.
„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხი მაგიდაზე უნდა იყოს, რათა არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შესაძლოა, მოგვარდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთის გასვლის გარეშე. რუსეთმა, პრაქტიკულად, უკვე წააგო ბრძოლები, თუ მთლიანად ომი არა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კაპიტულაციის ფარგლებში, რუსეთის სრულად გასვლის მოთხოვნის გარეშე, „დასავლური სამყარო დაუშვებს მორიგ დიდ შეცდომას – ისეთსავე დიდს, როგორც 2008-სა და 2014-ში დაუშვა“.