სალომე ზურაბიშვილი - რომ არა უკრაინა, ახალი გარემოებები, ევროპულ პერსპექტივას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება, ჯერ არც ვიმსახურებდით
სალომე ზურაბიშვილი - რომ არა უკრაინა, ახალი გარემოებები, ევროპულ პერსპექტივას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება, ჯერ არც ვიმსახურებდით

რომ არა უკრაინა, ახალი გარემოებები, ევროპულ პერსპექტივას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება, ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ დაპირება პერსპექტივაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს დღეს კანდიდატის სტატუსი არ მიუღია, თუმცა მიიღო ისეთი რამ, რაზეც არც ვიოცნებებდით. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, რადგან ეს არის გაფრთხილება.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილება და არის მხოლოდ რეკომენდაცია, მაგრამ გაიგეთ, რომ ერთგვარად, საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული. მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, რადგან ვხედავდი, რაც შეიძლება, მზადდებოდა. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს და ვიცი, რომ თქვენც გრძნობთ, არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, რადგან რაც დღეს მოგვივიდა, არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.

ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ. ჩვენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია, რაც მინდა, კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი, პირიქით, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგიდან არის ცნობილი ის პირველი ინფორმაციები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია. სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც არც ვიოცნებებდით, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში. მივიღეთ ის აღიარება და იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც არავის უთქვამს ჩვენთვის აქამდე, არავის მოუცია პირობა პერსპექტივაზე. ამის მიმართ იყო ხან გეოგრაფიული მიზეზები, რატომ არა, მაგრამ რომ არა უკრაინა, ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება, ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება. იმედი მაქვს, ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში. უნდა ვიმუშაოთ ამ ერთ კვირაში და წინასწარ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.