სალომე ზურაბიშვილი - როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს, ეს ქვეყანა მივატოვო? ამის იმედი ნუ გექნებათ
როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა მაიძულოს, ეს ქვეყანა მივატოვო? ამის იმედი ნუ გექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავენ.
ზურაბიშვილის თქმით, თავისი სიტყვისა და ფიცის ერთგული იქნება და ქვეყნის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე უერთგულებს.
„მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალი გზითა და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას. მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს, ეს ქვეყანა მივატოვო. ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?
ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყვეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.