სალომე ზურაბიშვილი - რეგიონული უსაფრთხოებისთვის საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობაც ადასტურებს, რომელშიც გერმანია მონაწილეობს
გერმანიისა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის რომ კავკასია და ჩვენი სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს თუნდაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელშიც გერმანია მონაწილეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, არის თუ არა საქართველოს უსაფრთხოება რეგიონული უსაფრთხოება.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გერმანია ნატო-ს ფარგლებშიც საქართველოს სერიოზული მხარდამჭერია და ამ კუთხით დაგეგმილი აქტივობები დასტურია, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია და საქართველო რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკისთვის.
„გერმანია არის ჩვენი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ნატო-ს ფარგლებში. აქტიურობა, რომელიც აისახება წელს – ნატო-ს სწავლება საქართველოში, სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა, გენერალური მდივნის ჩამოსვლა და წლის მეორე ნახევარში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში, ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია და პირველ რიგში, საქართველო სწორედ რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკისთვის. სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ მადლიერი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს გერმანიასთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვს, რომელიც გრძელდება და ძლიერდება.
„ჩვენ ამით ვახდენთ ძალების, აღჭურვილობის გაძლიერებას და ეს არის დახმარება, რომლისთვისაც მადლობელი ვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.