სალომე ზურაბიშვილი - „რეგიონების კვირეული“ არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიება, ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან არავინ ჩამოვიდა ან ვერ გაბედა წამოსვლა
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ დაიწყო. „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ დღეს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საჭიროა, რეგიონებს დაეთმოთ სივრცე დედაქალაქში, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა და დიალოგები ერთმანეთთან.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს თავის ოფიციალურ ვიზიტებზე რეგიონების წარმომადგენლებსაც წაიყვანს.
„რეგიონები მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ ადგილზე გაცნობა მიმართულებების. საჭირო არის, რომ დედაქალაქში მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე სწორედ იმისთვის არსებობს ამ ფორმით, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, დიალოგი. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შემოთავაზება გავაკეთეთ – ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, ვაფინანსებთ თქვენი ჩამოსვლის ხარჯებს. ეს არის თქვენი ადგილი, საკუთარი თავი ქვეყანაში და მის გარეთ წარმოაჩინეთ ისე, როგორც გინდათ.
ვაპირებ, რომ მომავალი წლიდან, როცა იქნება ჩემი ოფიციალური ვიზიტები, წავიყვან რომელიმე რეგიონის წარმომადგენელს, რომ შეძლონ, დაამყარონ ის ურთიერთობები, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ რეგიონიდან წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიება არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, „რეგიონების ოფიციალური პირები ღონისძიებაზე წარმოდგენილი არ არიან“.
„ძალიან მიკვირს, რომ რეგიონიდან ან არავინ წამოვიდა ოფიციალური პირებიდან, ან ვერ გაბედა წამოსვლა. ოფიციალური პირებიდან, რომლებიც უნდა იყვნენ ყველანაირად დაინტერესებული ჩვენი რეგიონების განვითარებაში, აქაც არავინ გვახლავს. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში ორბელიანების სასახლე სვანეთის კულტურას უმასპინძლებს.
„სხვებმა არ მიწყინონ, მაგრამ ტრადიციულად ასეა და ამოვირჩიეთ ყველაზე თავისუფალი რეგიონი. ეს მხოლოდ ტრადიცია არ არის, ეს ყოველივე არის სვანის ბუნებაში ჩაბეჭდილი – თავისუფლება და თავისუფალი აზროვნება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება სვანეთისთვის თვითმმართველობა, რამეთუ რეგიონების თვითმმართველობა არ არის ჯერ ისე განვითარებული იმ მხრივ, რომ რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რომელიც ქმნის რეალურ თვითმმართველობას — ფინანსური თვითმმართველობა. როგორ დაიხარჯოს ეს თანხები, ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი სამართალი, რაც არ ვიცით ისე კარგად, როგორც უნდა ვიცოდეთ იმ დროს, როცა ძალიან ბევრი საუბარია, როგორ უნდა მიიღოს საქართველომ იმ რეფორმის ნაბიჯები, რომლებიც მიგვიყვანს ევროპულ სამართალთან. ამ დროს ჩვენ გვაქვს ისეთი ტრადიციები, რომლებიც არ არსებობდა ევროპაში თავის დროზე და ჩვენთან უკვე იყო დამკვიდრებული. მაგალითად, მედიატორის ინსტიტუტი. ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, როცა მივდივართ ევროპის გზაზე, და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს, უნდა წავიდეთ ამ გზაზე ჩვენივე ბირთვით, ჩვენივე გამოცდილებით, ჩვენივე ცოდნით და ეს გზაში არ უნდა დაგვეკარგოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა სვანეთის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის, ეკონომიკური პოტენციალისა და ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა.
„ასევე კულტურაში არის სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა და გადაგვირჩინა სვანეთმა დღემდე და რითიც გახდა ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ტურისტული და კულტურული რეგიონი. ეს არ არის მხოლოდ მთა, ეს არის მთა და კულტურა ერთად. ძალიან იშვიათია, მთასთან ერთად იყოს ასეთი განვითარებული კულტურა.
დღევანდელ მსოფლიოსა და ევროპაში, როდესაც ხარ ქვეყანა, რომელსაც ასეთი სიმდიდრე აქვს, რასაც ჰქვია სვანური, მეგრული, აფხაზური ენები. არ გვაქვს უფლება, ეს სიმდიდრე არ შევინარჩუნოთ და არ ვაჩვენოთ მსოფლიოს.
სვანეთზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის მომავლის რეგიონი საქართველოსთვის, რადგან იქ არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე – ჰიდრორესურსები ძირითადად სვანეთთან არის დაკავშირებული. დღეს თუ ვინმემ არ გაიგო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებული არის ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობაზე, იმან ვერაფერი გაიგო დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე. ჩვენ ეს მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, რომ ის მოძრაობები, რაც არსებობდა და, რაც ხელს უშლიდა ამ განვითარებას, ეს ყველაფერი არის დისკუსიისა და ინფორმაციის საგანი. გასაგებია, რომ მოსახლეობის მოსაზრებები უნდა იყოს გათვალისწინებული, ასევე ბუნების დაცვა, მაგრამ არანაკლებ – ქვეყნის ინტერესები და დამოუკიდებლობა. ენერგორესურსები არის ეკონომიკური პოტენციალი. ეს არის ტურისტულად უკვე ყველაზე სრულყოფილი რეგიონი, სადაც ყველაფერია – კულტურა, სპორტი, ბუნება. არ შეიძლება, არ ვახსენოთ, რომ ბუნებრივი რესურსებიც არსებობს სვანეთში და, პირველ რიგში, ტყე, რომელიც ჩვენი დასაცავია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.