სალომე ზურაბიშვილი - რატომ არ გამოაცხადა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმავე დღეს, რატომ არ ითქვა მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ელოდებოდა
საქართველო-რუსეთის ომი ცხადია, რუსეთმა დაიწყო,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს შეჭრილა.
„საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? ცხადია, რუსეთმა და რატომ – რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით.
საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია, ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც ერთს პლუს ერთი არის ორი. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს. ეს არასოდეს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არც ერთი ქართველი არ დაუშვებს, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო.
ვისი ინტერესია, მე ამას შეგეკითხებით, რომ ამ საკითხზე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უარესია, რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ არის გაყოფილი აზრი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ამბობს, საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე, არ გულისხმობს, რომ საქართველო დამნაშავეა და რომ საქართველომ დაიწყო ომი.
„ეს ვისი ინტერესია, ამაზე ალბათ თქვენ უპასუხებთ. როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი.
სიტყვებს აქვს თავისი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ცოტა ძნელად გასაგებია, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვეს დიდი შეცდომა ან ჩაიდინეს დიდი დანაშაული, რის შედეგში ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი მოქალაქეები.
ჩემს მიმართ როდესაც ისმის დაჟინებული და უაზრო ეს კითხვები, რომელიც დაფუძნებულია ამოგლეჯილ კონტექსტზე, სხვა კითხვებს რატომ არავინ არ სვამს“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, რატომ არ გამოაცხადა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმავე დღეს და რატომ დაელოდა სამ დღეს.
„ახლა მე მივმართავ მედიას, რატომ არ მოუსმინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ იმას, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რასაც კარნახობდნენ ყოველდღიურად.
რატომ არ გამოაცხადა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმავე დღეს, რატომ დაელოდა სამ დღეს. მანამდე რა გვესმოდა – რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს. ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ, როგორც ჩანს. საერთაშორისო საზოგადოებას რატომ არავინ მიმართა პირველივე დღესვე, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო, რატომ არ ითქვა მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ელოდებოდა ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლება“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.