სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი
სალომე ზურაბიშვილი - რას ერჩოდნენ სააკაშვილს, როცა აქეზებდნენ, ჩამობრძანდითო, ან ქართულ ხასიათზე თამაშით რომ ეუბნებოდნენ, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდიო, ორივე მხარეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, მე რა შუაში ვარ, არ ვიცი

ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ.

„დღევანდელი ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამეთუ არაფერს ვაპირებდი დღეს. როცა გავიგე, აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება და სურვილი იყო, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ და უსამართლო  რეჟიმს. ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილე, არ ვიცი, ვისგან მართული, შემოვარდნილიყო სასახლეში. ეს არ არის ფორმა და დარწმუნებული ვარ, არც იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამას სათავეში ედგნენ.

მინდა, ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც საერთო წარსულის გამო დიდი პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში, იციან, ჩემი კარი ღიაა, ყველას აქვს საშუალება, რომ მოითხოვოს შეხვედრა და ყველას ვხვდები. ბოლო პერიოდშიც, ალბათ დაინახეს, რომ ვხვდები ყველას და არა მარტო იმათ, ვისთანაც ეს ბრძოლები გავლილი მაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იყო არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსი, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში.

„ეს იყო მიზანმიმართული, რათა მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით, არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია? მაინტერესებს, 2007 წლის შემდეგ ეს ადამიანები სად იყვნენ? ერთ იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, პერსონალურად არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, და რას მასწავლიან, მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.

აქ ძალიან ნათელია ერთობლივი რაღაც თამაში სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც ვითომდა ძალიან დაპირისპირებული არიან, მაგრამ, რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? მიპასუხეთ. მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ და საიდანაც ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას.

ვის აწყობს? რატომ არ ვკითხულობთ ამას? ვიდრე ჩემთან მოვარდება აქცია, როცა ვამბობ მოვარდნას, აქციაზე მაქვს საუბარი და არა ადამიანებზე, რომლებიც მოდიოდნენ, მოდიან და მოვლენ აქ. რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული, პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ, ან ერთნი, როცა აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ; ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდი, ხომ არ ხარ ლაჩარი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ.

უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ. ორივეს აწყობს – ერთ მხარეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. არ ვიცი, მე ამაში რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე – აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი. არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან. არცერთ სხვა ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა გემოვნებაა.

შემდეგ მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. ვინმე თუ მიცნობს ამ ქვეყანაში, კარიერა დიდი ხანია, იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.