სალომე ზურაბიშვილი - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ
სალომე ზურაბიშვილი - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ

რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მას აქვს გეგმა, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე.

„გეგმა ასეთია, ცხადია, ახალი არჩევნები, როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, რაც დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. პირველი პუნქტი – არის საერთაშორისო გამოძიება არა იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ არ შედგა არჩევნები, ეს საჭირო იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა, თუ გვინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები, უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და იმ გზავნილებით, რაც იყო ეუთო/ოდირის მოთხოვნა. ასევე, დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ამასთან, საარჩევნო დავებზე სპეციალური დავების სასამართლოს შექმნა. სასურველია, რომ ამ ინსტანციებში ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართულები; მეორე პუნქტი – 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც იქნება ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის ნება არ არის ასახული არჩევნებში. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ გეგმაზე არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

„ხვალ, დილით შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არ არის იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი, ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმის, რომ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ (ესეც არის ჩემი მიზანი) იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე, როგორი არჩევანი უნდათ, ვისთან ერთად უნდათ ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა; ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებად მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ჩვენ თავს, რომ აღმოჩნდეს ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე მოსამართლე მაინც, რომლებიც, ერთი მოსამართლის მსგავსად, შეძლებენ, გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.