სალომე ზურაბიშვილი - რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს იმ ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიას, ყველა ქრისტიანულ წესს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის გამართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პრეზიდენტის განცხადებით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს საქართველოსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა??? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს, რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში – ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართული ეკლესიების აღდგენას!!!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გრძელდება. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვება.