სალომე ზურაბიშვილი - ქვეყნის რეპუტაციისთვის აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას
მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად და ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ცნობილი ფრაზის კორექტირება შეწყალებასთან დაკავშირებით „არა და არასოდეს“, ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას. ამაზე მე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი“.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გუშინ დილით გადაიყვანეს.