სალომე ზურაბიშვილი - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების დაბრუნებით საქართველოში შემოდის ბევრი სიმბოლო, რომელიც მოთმინების, გამძლეობისა და შემწყნარებლობის მატარებელია
საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიბრძანების ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოში ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოაბრძანეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოსვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის, ეკლესიისა და საზოგადოებისათვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს, რომელიც მოთმინების, გამძლეობის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის სიმბოლოს მატარებელია.
„დღევანდელი დღე მრავალმხრივ სიმბოლურია ჩვენი ქვეყნის, ეკლესიისა და მოსახლეობისთვის. დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილების შემობრძანება, სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლი. პირველი – ის არის ქალი და ეს არის ქალის წამების ყველაზე სასტიკი მაგალითი, რომელიც მოჰყვება ჩვენს ისტორიას. მეორეს მხრივ, მოთმინების და გამძლეობის მაგალითია, რაც ასევე ახასიათებს საქართველოს ისტორიას დღემდე. მესამე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და რაზეც ყველანი უნდა დავფიქრდეთ, ეს არის შემწყნარებლობის სიმბოლო, რამეთუ წმინდა ნაწილები შენახული იყო კათოლიკე მისიონერების მიერ და ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, დაიკარგებოდა სამუდამოდ და დაგვიბრუნდა ინდოეთის მთავრობის და მოსახლეობისგან საჩუქრად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიწმინდის საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემის ცერემონიასა და სამადლობელ პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისს პრემიერი და საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.