სალომე ზურაბიშვილი - ქართველებისთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, მისი აღდგენა მაქსიმალურად უნდა გაადვილდეს
დავიწყეთ მსჯელობა, თუ როგორ უნდა აღდგეს საქართველოს მოქალაქეობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ის იმ პერიოდში დაკარგა, როდესაც კონსტიტუციით აკრძალული იყო, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ასევე ვმსჯელობთ, რა მდგომარეობა ექნებათ მათ შვილებს, რომლებიც თავადაც საქართველოს მოქალაქეები იქნებოდნენ, თუ მათი მშობლები საქართველოს მოქალაქეობას შეინარჩუნებდნენ. მათ ეს მდგომარეობა მშობლებთან ერთად დაკარგეს და ჩვენი პოზიციაა, მოქალაქეობა მშობლებთან ერთად აღუდგეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ორგანულ კანონში არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნატურალიზაციას, ანუ საქართველოში უცხოელთა მდგომარეობას ეხება.
„ეს საკითხი უსათუოდ უნდა გამკაცრდეს. ანუ, ქართველებისთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, მისი აღდგენა მაქსიმალურად უნდა გაადვილდეს და ასევე, საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა დაკარგონ იმ ქართველებმა, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მომავალში მიიღებს. სამაგიეროდ, უცხოელებისთვის მოქალაქეობის მიღება უფრო რთული უნდა გახდეს, რადგან ამ პატარა ქვეყანაში თანდათანობით, უფრო და უფრო მეტი უცხოელი შემოდის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პირობები უნდა გამკაცრდეს.
„ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ ის პირობები გვაქვს, რომ მოქალაქეობის მსურველმა უცხოელმა მხოლოდ ქართული ენა და ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე რაღაც უნდა იცოდეს, რასაც პრინციპში, არავინ ამოწმებს. უნდა განისაზღვროს, უცხოელს საქართველოს მოქალაქეობაზე მოთხოვნის შესატანად ბინადრობის რა დრო უნდა მოეთხოვოს; უნდა შეფასდეს ქვეყანაში მისი საქმიანობა, ქცევა და ა.შ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.