სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ქარტიის“ ვალდებულებების შესრულების მიმართ ვიქნები ძალიან მკაცრი
მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ დოკუმენტის ვალდებულებების შესრულების მიმართ, ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, ქარტიამ დაიმსახურა საზოგადოებისა და პარტნიორების ნდობა, რადგან ხედავენ, ეს არის ის ნაბიჯები, რომელზეც თვითონ ფიქრობდნენ და მათ მოთხოვნებში ჯდება.
„პროცესი დღეს იწყება და მარტივი არ იქნება, შეფერხებებიც იქნება, უსიამოვნო მომენტებიც, მაგრამ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც ჩვენს წინ დგას. პროცესის საწყისი იყო, დაგვენახა, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ის, რაც დაიწყო სტატუსის მიღებით, არ გაჩერებულიყო. უკვე ნათელი იყო ჩემთვის, რომ, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა ცხრა ნაბიჯიდან ნაწილი მაინც. როდესაც 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები, მაინც მივმართე მმართველ პარტიას, მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესში, მისგან პასუხი არ მიმიღია. შემდეგ მივმართე თავმჯდომარეს, რომელიც დღეს თამაშობს რაღაც შერბილების პოლიტიკას, უცხოელებთან ამ როლში დგება, მისგანაც არ მიმიღია პასუხი. ეს კონსულტაციები ღია იყო ყველასთვის. ამას მოჰყვა მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ევროპულ გზას. ბოლოს მივედით, სადაც უნდა მივსულიყავით, რუსული კანონის დაბრუნებაზე. ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული პირობა კობახიძისგან, რომ ისინი არ დააბრუნებდნენ ამ კანონს. ამ რუსული კანონის მიღებამ სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა. ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვეს, რომ ამით ევროპაში ვერ მიგვიღებდნენ. ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა. პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ჩვენ წინაშე დადგა საკითხი, ან ვაგრძელებთ იმ ევროპულ გზას, რომელზეც ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
„ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის მათთან დაახლოების გზა, რუსები ამბობენ, კარგად იქცევით, ბიჭებოო. ნათელი არჩევანია, ევროპული გზის გადარჩენის. ეს ვერ იქნება პოლიტიკური პარტიების ცალკეულად გამარჯვების არჩევნები. რა ფორმატებში მიიღებთ მონაწილეობას, ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, გთავაზობთ ერთობის ფორმულას, მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ ვალდებულებების შესრულების მიმართ. ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას. ამ დოკუმენტით დავიმსახურეთ გარკვეული ნდობა საზოგადოებისგან და პარტნიორებისგან, რადგან ხედავენ, ეს არის ის ნაბიჯები, რომელზეც თვითონ ფიქრობდნენ და მათ მოთხოვნებში ჯდება. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება. ეს არის მიზანი. მიზანი თვითონ არჩევნები არ არის, არჩევნები არის საშუალება, რომ შესრულდეს ეს ქარტია და ამან დაგვაბრუნოს ევროპაში. ამისთვის საჭიროა დიდი მობილიზაცია ამომრჩევლების, რადგან ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს იგებენ ძალიან რთულ პირობებში, მაგრამ არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება. მეც მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა იყოს ჩართული, არ შეიძლება ინდიფერენტულობა. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი არ არის. ეს მობილიზაცია ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე იყო ინერტული, არც არავინ უწყობდა ხელს, უფრო აქტიურად ჩართულიყო არჩევნებში. დღეს სულ სხვა რამ არის, მათთვისაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი, შენ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და ის, რომ ოკუპანტს არ ჩაუვარდეს ხელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში უფრო დიდი მასშტაბის პრობლემები არსებობს, საქართველოც მაინც საერთაშორისო პარტნიორების ფოკუსშია.