სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე - მესიჯბოქსი იგივეა, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს, გვჭირდება მეტი თავისუფლებაო და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ
მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. რაღაც, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან, ცხადია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ დიმიტრი ხუნდაძესთან, სოზარ სუბართან და მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა ოპოზიციის ხედვას, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზიანის მიმყენებელ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის სახელით ახმოვანებს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს სამი დეპუტატი არსად გასულა და სურათი ყველასთვის ნათელია.
„ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო. საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. რაღაც, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდაც მუნიციპალიტეტებიდან გასული და გინდაც პარლამენტიდან, ზუსტად ერთი და იგივეა – ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან, ცხადია. თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.