სალომე ზურაბიშვილი - ქალებს პოლიტიკაში ბევრი რამ აქვთ მოსატანი, ქალებისა და მამაკაცების პოლიტიკის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია
ვთვლი, რომ ქალებს სხვა ხედვა აქვთ, პოლიტიკაში ბევრი რამ აქვთ მოსატანი და ქალებისა და მამაკაცების პოლიტიკის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს კანონით არ რეგულირდება, – ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ გადავხედავთ, ქვეყანაში ქალები ყველგან ძალიან აქტიურად, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ძალიან აქტიურადაც არიან წარმოდგენილი, მამაკაცები კი უფრო პასიურები არიან და არსებული პოზიციით სარგებლობენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მას, როგორც ქალს, შეექმნა თუ არა პოლიტიკაში დამკვიდრების პროცესში პრობლემები, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას ამ კუთხით წინააღმდეგობა არ შექმნია.
„არ მგონია, ეს პრობლემა საერთოდ არსებობდეს, რადგან ქალების მონაწილეობის პრობლემა არ არსებობს არც ბიზნესში, არც სამოქალაქო სექტორში, არც ჟურნალისტიკაში და არც არსად. ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა ისტორიული გარემოებიდან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეკონომიკაში ქალების ჩართულობა ძალიან მაღალ დონეზეა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკასთან მიმართებით პრობლემა ისაა, რომ ქალებს პოლიტიკაში ჩართვა ნაკლებად უნდათ, რადგან პოლიტიკის მიმართ გარკვეული უნდობლობა და დისტანცია აქვთ.
„ქალებს სხვა ხედვა აქვთ. მათ უფრო მეტად შედეგი უნდათ, ვიდრე ცარიელი ამბიცია და ამიტომ შესაძლოა, ქალები ნაკლებად იბრძვიან, რათა პოლიტიკაში ის ადგილები მიიღონ, რომელზეც კაცები თავს იკლავენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.