სალომე ზურაბიშვილი პუტინისა და სი ძინპინის გასამართლების შესახებ დასმულ კითხვაზე - ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა
მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა კითხვაზე პასუხად, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან?
კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენტს დაუსვა კითხვა: „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი – უიგურების გენოციდისთვის; ვლადიმერ პუტინი კი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს? პუტინი, რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ…“
„მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება, არ ვართ ალისას საოცრებათა სამყაროში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.