სალომე ზურაბიშვილი - პროკურატურაში მისვლის პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არსებობს
რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც არ ვარ დაბარებული, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მიდის გენერალურ პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებაში მისვლის პრობლემა არ აქვს, თუმცა კითხვები არ არსებობს.
„რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული. არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა.
20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გამოიკითხნენ.