სალომე ზურაბიშვილი - პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარებას [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთს ეწვია და კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ და კინოხელოვნების ბანაკი დაათვალიერა.

პრეზიდენტმა დაათვალიერა კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კორპუსები და სტუდენტთა პანსიონი, რომლითაც ამჟამად კინოხელოვნების ბანაკის ბავშვები სარგებლობენ.

კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, „აისი“ წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სხვადასხვა პროფესია ისწავლება, მათ შორის მეღვინეობა, მევენახეობა, ვეტერინარია, დურგლობა, მზარეულობა და სხვა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები მზად არიან, შესაბამისი პროფესიით დასასაქმებლად. ეს არის ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რათა დავამარცხოთ ახალგაზრდების დასაქმების რთული პრობლემა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კოლეჯს გააჩნია დამხმარე ნაგებობები: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, სათონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი, ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნოები.

სალომე ზურაბიშვილი კოლეჯის საკონსერვო საწარმოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და თავად დააგემოვნა სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია: მურაბები მწნილები, კომპოტები, წვენები და საწებებელი.

სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთიდან, საინგილოდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებიც კინოხელოვნების ბანაკში ისვენებენ.