სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ინსტიტუტს წუწუნი არ უხდება, მეტი შემართება ევალება
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ინსტიტუტს წუწუნი არ უხდება, მეტი შემართება ევალება

პრეზიდენტის ინსტიტუტს წუწუნი არ უხდება, მეტი შემართება ევალება, მეტი სამომავლო ხედვა და უფრო სიმაღლიდან დანახული ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი ბედი, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ინსტიტუტი რაც არ უნდა შეცვლილი, შემცირებული უფლებებით იყოს ახლად მიღებულ კონსტიტუციაში, რჩება იმ ინსტიტუტად, რომელშიც აისახება ერთიანობა, სოლიდარობა, სუვერენობა.

„თქვენც როგორც კონსტიტუციის, ტერიტორიული მთლიანობის დამოუკიდებლობის გარანტორი, ხართ ერთ-ერთ ქვაკუთხედი ამ ქვეყნის სტაბილურობისა. ამ ინსტიტუტს წუწუნი არ უხდება და მეტი შემართება ევალება, მეტი სამომავლო ხედვა და უფრო სიმაღლიდან დანახული ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი ხედი. აქ წარმოთქმული თქვენი სიტყვა მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი სიჩუმე ზოგ საჭირობოროტო საკითხებზე. ნიშანდობლივი იყო თქვენი მოხსენება და საჭირო აქცენტები დასვით, თუმცა რადგან დებატები იმისაა, რომ განსხვავებული აზრების გაზიარება მოხდეს, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ საკითხებზე, რომელიც გამოგრჩათ ან განზრახ გამოტოვეთ. პირველი ასეთ საკითხია არის, კონსტიტუცია, რომლის გარანტორიც ბრძანდებით. გვახსოვს, როგორ მოიარეთ ქვეყანა და შეხვდით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს კონსტიტუციის განხილვისას, თუმცა ეს აქტივობა, უფრო საყოველთაო არჩევნებს ემსახურება, ვიდრე უფრო მაღალ მიზანს, ანუ მოქალაქეებისთვის კონსტიტუციის არსის, მასში შეტანილი ცვლილებების ახსნა-განმარტება და რაც მთავარი იყო მათთვის ნდობის ამაღლებას, რაც თქვენ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატმა პრეზიდენტის მიერ მეორე გამოტოვებულ საკითხად დიასპორის წარმომადგენელთა პრობლემები დაასახელა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა საერთოდ დაივიწყა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები.

„იმის მაგივრად, რომ მხარი დაგეჭირათ ორმაგი მოქალაქეობის განხილვისას,  ლიბერალური მიდგომისთვის, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, გაგეზიარებინათ იმ მოქალაქეების წუხილი, ვინც კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, თქვენ განმარტების გარეშე მიიღეთ გადაწყვეტილება და გაამკაცრეთ მათთვის მოქალაქოების მინიჭების წესები, უარი უთხარით მოქალაქეობის აღდგენაზე, რატომ? ეს ჩვენ არ ვიცით, იმ მოქალაქეებმაც კი ვერ გაიგეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მესამე საკითხი, რომელიც პრეზიდენტს გამორჩა, არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი.

„2018 წელს არ გაგხსენებიათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ვზეიმობთ, თუ არა იმ კუთხით, რომ ბევრ სტუმარს ველოდებით თურმე, რაც თავისთავად ძალიან სასიხარულოა. ბევრად უფრო საჭირო და სასიხარულო იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის 26 მაისის აზრის და სახელმწიფო მნიშვნლეობის გაშლა, განმარტება. რამეთუ სახელმწიფო დგას სწორედ დამოუკიდებლობის ფასის, მისი დაკარგვის საფრთხის სიღრმისეულად გაგებაზე. პრეზიდენტს, როგორც დამოუკიდებლობის გარანტორს აქვს, პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ კუთხით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.