სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტი მსხვერპლს თამაშობს - დებატების უფლებას მართმევენო, უმრავლესობას კი, თავისი პრინციპულობის შეეშინდა
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტთან დებატების საკითხს ეხმაურება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, მისთვის გაუგებარია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის რა დებატებზე ეპატიჟება.
”ვერ გავიგე უმრავლესობა პრეზიდენტს რა დებატებზე ეპატიჟება? “დებატი” იყო და დასრულდა, ისე როგორც ვნახეთ. ეს დებატი არ გულისხმობდა და არ გულისხმობს პრეზიდენტს და პარლამენტარებს შორის დისკუსიის გამართვას, არამედ პრეზიდენტს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ხედვა წარუდგინოს პარლამენტს და ქვეყანას, პარლამენტარებს და პარტიებს რომ დააფიქსირონ თავ-თავიანთი შეხედულებები ამ გამოსვლაზე რის შემდეგ პრეზიდენტს ეძლევა ბოლო სიტყვა. ესაა და ეს. მის და პარლამენტის წევრთა შორის დისკუსია/პოლემიკა/ არგუმენტების გაცვლა არც პარლამენტს სჭირდება ან უხდება. ამას ამტკიცებდა თვით უმრავლესობა. პრეზიდენტი თავის მხრიდან, რომ ითხოვდა სწორედ ასეთი “კამათში” ჩართვის უფლებას დღეს უარს ამბობს (ამჯერად მე მიმაჩნია სწორედ… ვისთან უნდა იდებატოს? ან რატომ? ის პრეზიდენტია და ეს პარლამენტი!)
მოკლედ არც ერთმა არ იცის რა პრინციპებს იცავს და ყველა პოზირებს საზოგადოების შიშით თუ გულის მოგებისთის! პრეზიდენტი მსხვერპლს თამაშობს: დებატების უფლებას მართმევენო! უმრავლესობას კი თავისი პრინციპულობის შეეშინდა და ვაი, ხალხმა ვერ გამიგოსო! ამ დროს ნათელი ინსტიტუციური წყობა და წესები ბუნდოვანი ხდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.