სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ქართველ სტუდენტებს შეხვდა - თქვენ ხართ სახე დღევანდელი საქართველოსი
პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც განათლებას პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში იღებენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი პოლონეთიდან იუწყება, სტუდენტებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ორდღიანი ვიზიტი შეაჯამა, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობაზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით პოლონეთის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროკავშირი არის საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე, პოლონეთი კვლავ საქართველოს მხარდამჭერია.
„არ შენელდა მზადყოფნა პოლონეთის მხრიდან, იყოს ჩვენი ერთგვარი ელჩი ამ მიმართულებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს სხვა მეგობრები, მაგრამ ეს არის ევროპის ცენტრში ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, გარდა ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებისა, საქართველო პოლონეთთან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს. მან კულტურის სფეროში თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი.
ამასთანმ, პრეზიდენტის შეფასებით, ქართველი სტუდენტები დღეს საქართველოს სახეს წარმოადგენენ.
„თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენი აქ ყოფნა, ამ უნივერსიტეტებში, თქვენ ხართ სახე დღევანდელი საქართველოსი და თქვენით მსჯელობენ დღევანდელ საქართველოზე. ასე ხდება მთელ ევროპაში, უფრო მეტად იმ ადამიანების მეშვეობით გვიყურებენ, რომლებიც ჩადიან და ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, ვიდრე პრეზიდენტით ან რომელიმე მინისტრით. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვართ მეორე რანგი და პირველი თქვენ ხართ, რადგან ხშირად პოლონელებისთვის თქვენ ხართ პირველი ქართველი, რომელსაც იცნობენ და, რომელზეც აყალიბებენ თავიანთ წარმოდგენას ქვეყნის შესახებ. ამის მიხედვით შემდეგ ჩამოდიან საქართველოში“, – მიმართა სტუდენტებს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ბევრი პოლონელი, ევროპელი ტურისტი ჩამოდის, თუმცა მეტი უნდა ჩამოვიდეს.
„კიდევ მეტი ტურისტი გვინდა, იმ კატეგორიის მეტი ტურისტი, რომლებიც მართლაც აფასებენ ჩვენ კულტურას. ძალიან კარგია, რომ ღვინისა და კერძებისთვის ჩამოდიან, მაგრამ კიდევ უკეთესი, თუ ჩამოვლენ იმისთვის, რომ გაეცნონ ჩვენს კულტურას და მიხვდნენ, რომ ეს არის მართლაც ევროპის ნაწილი, თუნდაც შავი ზღვის იქით, მაგრამ ევროპის კულტურის განუყოფელი და ერთ-ერთი ნაწილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა სალომე ზურაბიშვილს კითხვები დაუსვეს. მათ შორის კითხვები ეხებოდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.
ზურაბიშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერს, რომელსაც ხვდება, სთხოვს, რომ რუსეთს შეუსრულებელი ვალდებულებები შეახსენონ.
„საქართველოს უცნაურობა და შეიძლება, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ერთი მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიები აქვს და ამაზე ძალიან მკაცრად რეაგირებს პოლიტიკურად, სადაც და როგორც შეუძლია, მაგრამ ამავე დროს, ჩამოდიან რუსი ტურისტები და არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა ამ კუთხით, მოსახლეობასა და ამ ტურისტებს შორის. ვფიქრობ, ეს მეტყველებს საქართველოს ტოლერანტობაზე და არა რუსების, რადგან ჩამოდიან და არაფერი იციან იმის შესახებ, რომ მათი ქვეყანა ოკუპირებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს, ეს არის ძალიან სამწუხარო და ალბათ, ამაზე ჩვენი მხრიდან სხვანაირად არის სამუშაო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ევროპიდან საქართველოში ჩამოსული სტუმრები ხელისუფლებას მიჰყავს საოკუპაციო ხაზზე, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას.
„ვინც ჩამოდის ევროპიდან, ჩვენ ყველა მიგვყავს საოკუპაციო ხაზზე, რომ ახლოდან კარგად დაინახონ, რა ხდება. ეს არ არის რუსოფობია, ეს არის სამწუხარობა რეალობა. ასევე მე ვთხოვ ყველა ჩვენ კოლეგას და პარტნიორს ევროპაში თუ დასავლეთში, ყველა შეხვედრის დროს, როცა ხვდებიან სხვადასხვა ფორმატში, მაგრამ უფრო ვინც რუსეთს მეგობრულ, ორმხრივ ფორმატში ხვდება, ყოველ შეხვედრაზე გაახსენონ შეუსრულებელი მოვალეობები. შეიძლება, ასე ჩვენ შევინარჩუნოთ პოზიციები და არ ვაფიქრებინოთ რუსეთს, რომ დაივიწყა მსოფლიომ რეალობა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს. არავინ არ არის შეგუებული. შეიძლება, დღეს ვერ ვპასუხობთ როგორც საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგუებული ვართ ჩვენ ან ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი დღესვე, ვარშავაში ქართულ დიასპორასთანაც გამართავს შეხვედრას.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დღეს სრულდება.