სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი მომავალ წელს ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე და მზად არის, გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს განცხადებებში
სალომე ზურაბიშვილი - პოლონეთი მომავალ წელს ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე და მზად არის, გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს განცხადებებში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა პანდემიის შემდგომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„რაც შეეხება საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, აქაც ბევრი გვაქვს წარსულში გაკეთებული, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ პანდემიის პერიოდის შემდეგ გაღრმავდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი უნდა გახდეს ამის ერთ-ერთი წამყვანი ძალა. ვინაიდან იხსნება ზაფხულის სეზონი, ჩვენ მოვხსენით აქ პრაქტიკულად ყველა რეგულაცია. რაც შეეხება ჩვენს პოლონელ მეგობრებს და ტურისტებს, საქართველო ღია იქნება ყველა ვაქცინირებული ადამიანისთვის, ეს არის ჩვენი ღია კარის პოლიტიკა ევროპის, კერძოდ, პოლონეთის მიმართ.

ასევე, მოვისმინე პოლონეთის პრეზიდენტის დაპირება, რომ ყველაფერი გაკეთდება, პოლონეთი ყველანაირად ცდილობს, საქართველოს მოაწოდოს ვაქცინების ის რაოდენობა, რაზეც იქნა ადრე მოლაპარაკებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამით საქართველოსა და პოლონეთს შორის ის სოლიდარობა კიდევ დამკვიდრდება, ეს იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის სოლიდარობის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მომავალ წელს პოლონეთი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს განცხადებებში.

„კიდევ ერთი საკითხი, რაც ვახსენეთ და მადლობელი ვარ პოლონეთის პრეზიდენტის, რომ პოლონეთი მომავალ წელს ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე და პოლონეთი მზად არის, ჩვენ გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს პოლიტიკურ აქტიურობასა და განცხადებებში.

მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი მომავლისა, რადგან ევროკავშირში გვყავს ძალიან ძველი და ძლიერი მეგობარი, პარტნიორი. და ბოლოს, ჩვენ დავათვალიერეთ არქეოლოგიური აღმოჩენები, რომელიც გაკეთდა ქართულ-პოლონური ექსპედიციის მეშვეობით, რომლის პატრონაჟი არის საქართველოს პრეზიდენტის ქვეშ. ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ახალი აღმოჩენები ეხება ძვ. წ. მე-14 საუკუნის ძველ კოლხურ ცივილიზაციას ქუთაისში. ეს ნიშნავს, რომ აქაც არქეოლოგია ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვიძახით, ამდენი ხანია, ჩვენი ლოზუნგია, რომ საქართველო ევროპა არის თუნდაც ძალიან დიდი წარსულიდან, ეს არის კოლხური პერიოდი, ეს არის არგონავტების პერიოდი, იქაც არის საქართველოს ცივილიზაცია, ესაა ევროპული ცივილიზაციის ნიშანი და მტკიცებულება.

ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის და ნებისმიერ დროს გელოდებით საქართველოში, ეს არის თქვენი მეორე სამშობლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.