სალომე ზურაბიშვილი - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას, როდესაც ცარიელი ადგილებია, ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოს შეურაცხყოფა
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას, როდესაც არის ცარიელი ადგილები, ეს არ არის ჩემი პირადი შეურაცხყოფა, ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ცარიელი სკამების უკან არსებობენ თანამოქალაქეები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე სხვები.
„ძალიან ვწუხვარ, რომ აქ არის ცარიელი ადგილები, როცა პარლამენტში გამოდის ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არ არის ჩემთვის პირადი შეურაცხყოფა ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოსი. მე ხალხს მივმართავ, რადგან ამ ცარიელი სკამების უკან არსებობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი და არანაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვები. იმედი მაქვს, მათ გაიგეს, რომ მე მათაც მივმართავ და შეუძლიათ ჩათვალონ, რომ მე ვარ მათი პრეზიდენტი. ვიცი, რომ მათ არ გამოაცხადეს რაიმე ბოიკოტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე სხდომათა დარბაზი დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე სიძულვილისა და დაშინების კამპანიის შედეგად მოხვდა.
ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.