საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დღეს მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში.
პარიზის მშვიდობის ფორუმის ოფიციალურ ცერემონიას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გახსნიან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 53 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის: ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი.
საქართველოს პრეზიდენტი დღესვე სიტყვით გამოვა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე „საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (Preserving International Cooperation in the Age of Unpeace).
პანელის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორ მარკ ლეონარდისთან ერთად ჩაერთვება და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას.