სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, ცესკო-მ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეძლო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„პრეზიდენტმა თავის მხრივ თამარ ჟვანიას და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პატივისცემა და გამოხატა მადლიერება, იმისთვის, რომ მათ შეძლეს პანდემიის მძიმე პირობების და გამოწვევების მიუხედავად ორგანიზება გაეწიათ სამაგალითო და დემოკრატიული არჩევნებისთვის.
შეხვედრისას ასევე აღინიშნა სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არჩევნების პირველადი დადებითი შეფასებები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მიუკერძოებელ ინსტიტუტზე, საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედზე – საარჩევნო ადმინისტრაციაზე და მის ქალ თავმჯდომარეზე ზეწოლა, მუქარა და შეურაცხყოფა მიუღებელია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.