სალომე ზურაბიშვილი - ორხელისუფლებიანობის პირობებში ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია, რასაც ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა
სალომე ზურაბიშვილი - ორხელისუფლებიანობის პირობებში ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია, რასაც ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების პროპაგანდა

განაჩენი გამოტანილია, არჩევნები არ შედგა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში, მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ერთი ასეთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას.

„მოვისმინეთ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ერთი ოქმი, მაგრამ ახლა უნდა წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის და როგორც დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, რაზეც ალბათ ცესკო-ს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია. ამ შედეგების ჩემი შემაჯამებლი შეფასება შემდეგია: პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და ყველა საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და სტანდარტებით, რაც არაერთ კონვენციაშია ასახული, გარანტირებული, მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორეა ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება, რომ საარჩევნო საჩივრები სამართლიანად და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს განხილული. ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მაშასადამე, არცერთი არც ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას; არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს და შეუგუებლობას; არ აღიარებს ამ არჩევნებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებზე თქვან, ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე სამი კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ, დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და ზეწოლის სხვადასხვა ზომას განიხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში, მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ყოველდღიურად, როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას, შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა, პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას, ამავე დროს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც, ყველა პარამეტრის მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფლება, რომ ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ ამ თითქოსდა გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად, უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, შევთავაზე პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და, მგონი, ეს უნდა მოისმინოს ასევე თუნდაც არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.