სალომე ზურაბიშვილი - ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი
ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა მეტი მუშაობაა საჭირო კომპრომისის მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.
„მოვუწოდებ ყველა მათგანს, ალბათ უფრო მეტად მმართველ პარტიას, რადგან ისინი უფრო პასუხისმგებელნი არიან, რომ თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებისა და დესტაბლიზაციის სცენარის მხრივ. ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ბიბისის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შესახებ და ერთ-ერთ მაგალითად ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არის პიროვნების რეაქცია, რომელიც აღარ არის პოლიტიკაში და ვფიქრობ, ეს ძალიან გადაჭარბებულია“.
„ვფიქრობ, საქართველომ თავის გზაზე მიაღწია დიდ პროგრესს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოზე შეიძლება უარი თქვან მხოლოდ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც აქვს ასევე თავისი წინაისტორია – იყო პარლამენტის შტურმი, სხვადასხვა პროვოკაციები. ბალანსისთვის ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ დრო და ფორმა იყო ნამდვილად საუკეთესო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მოულოდნელად გახდა ავტორიტარული ქვეყანა. საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ არსებობს კრიზისი, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ არავინ ამბობს უარს საქართველოზე (არავის ჩამოუწერია საქართველო). მანამდე საკითხზე მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი ფიქრობს, რომ მოსმენილი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო რეგიონში კვლავ არის ყველაზე დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირს სჭირდება საქართველო, როგორც ევროპული გზა ამ რეგიონში და მკაფიოა, რომ საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა პოლიტიკურმა ფიგურამ მედიატორის როლი იკისრა ამ კრიზისში. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ კრიზისს. თქვენ იცით, რომ საქართველოს უნახავს ბევრი უფრო მეტად დრამატული მოვლენა თავის ისტორიაში და ჩვენ ისინი გადავლახეთ. ჩვენ ერთ-ერთი გამძლე ქვეყანა ვართ და დარწმუნებული ვარ ჩემს ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.