სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ამ წუთებში კი ზურაბიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს, ნიკა გვარამიასა და ელენე ხოშტარიას ხვდება.

ნიკა გვარამიასა და ელენე ხოშტარიას შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რა მიზნით იმართება შეხვედრა.

შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „სახალხო პარლამენტის“ ფორმირების იდეა იყო.

„სახალხო პარლამენტის იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. პრეზიდენტი გამართავს ბრიფინგს და არ მინდა, მანამდე გავაკეთო კომენტარი, რადგან პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრები გაგრძელდება, გაგრძელდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებას უნდა, გაიგოს, არის გეგმა. ეს გეგმა არსებობს და გეგმა არის, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანი არჩევნები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.