სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციის ნაწილი შესულია სამუშაო ჯგუფებში, სხვა პარტიებისგან მესმის, რომ შეიძლება, შევიდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ არის, მაგრამ არ გავიმეოროთ შარლ მიშელის ვითარება
სალომე ზურაბიშვილი - ოპოზიციის ნაწილი შესულია სამუშაო ჯგუფებში, სხვა პარტიებისგან მესმის, რომ შეიძლება, შევიდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ არ არის, მაგრამ არ გავიმეოროთ შარლ მიშელის ვითარება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე რაღაც ნაბიჯს დგამს.

„ოპოზიციის ნაწილი, რაც „ქართულ ოცნებას“ რატომღაც ავიწყდება, მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შეიქმნა. მეორე მხარის შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა რიგგარეშე სესიაზე დათანხმება და ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი, ვიდრე ევროპარლამენტარები ჩამოვიდოდნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჩაერთვებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, თუ მმართველი გუნდი სესიის ჩატარებას დათანხმდებოდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას „ოცნების“ მხრიდან სესიაზე დათანხმების, ან ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სამუშაო ჯგუფებში ჩართვის მოლოდინი არ ჰქონია, მაგრამ ვინც დეპოლარიზაციისთვის მზად არის, მუშაობა უნდა დაიწყოს.

„მე არ ვფიქრობდი, რომ „ოცნება“ დათანხმდებოდა სესიაზე და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შევა ამ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ ერთი ნაწილი უკვე შესულია და სხვა პარტიებისგან მესმის, რომ რაღაცებს ელოდებიან და შეიძლება, შევიდნენ. ჯერ არაა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არ გავიმეოროთ შარლ მიშელის ვითარება, როცა ყველა მზად იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, ყველაფერი უნდა გადავაგდოთო. დავიწყოთ მუშაობა, ვინც მზად არის დეპოლარიზაციისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.