სალომე ზურაბიშვილი - ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, აირჩია თავისი გზა და აღარ უყოყმანია ამ გზაზე, დღევანდელი დღე საქართველოს მიღწევაა
სალომე ზურაბიშვილი - ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, აირჩია თავისი გზა და აღარ უყოყმანია ამ გზაზე, დღევანდელი დღე საქართველოს მიღწევაა

ლხინში და ჭირში, ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა, აირჩია თავისი გზა და აღარ უყოყმანია ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს მიღწევაა.

„გილოცავთ, ჩემო თანამემამულენო. გილოცავთ აქ, საქართველოში და თქვენ, ვინც დღეს საზღვრებს მიღმა ხართ და იქიდან გვიყურებთ. გილოცავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა მაცხოვრებელს, რამეთუ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა. გილოცავთ, რადგან ეს დღე თქვენ გეკუთვნით. ეს დღე საქართველოს მიღწევაა. დღეს მე და ჩვენ, ყველას ერთად გვიხარია. ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და წინსვლისთვის იბრძოდა და სიცოცხლე შესწირა. ეს დღე აუცილებლად ილიასია, რადგანაც დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე ასევე აკაკისია, ნიკოსიც, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესი და არ შემიძლია, ყველა ჩამოვთვალო, რადგან ეს დღე არის ჩვენი, ყველასი, ვინც საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, საქართველო ყოფილიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა, ჩვენი კულტურის და ჩვენი იდენტობის საფუძველზე. ეს დღე ზვიადისა და მერაბისაა, ეს დღე ასევე ზურაბ ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.

ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რამეთუ ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა, ლხინში და ჭირში, ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი თქვა. აირჩია თავისი გზა და აღარ უყოყმანია ამ გზაზე, რამეთუ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი დაცულობის, ჩვენი მშვიდობისა და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა. სხვა გზა კი მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის. ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება. ეს დღე არანაკლებად არის მათი დღეც, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო, ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა. ყველას დღეა, რამეთუ ამ შეუპოვარ სამშობლოს სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას, ეს ჩვენი პასუხია ყველა მის უღირსობაზე და ეს არის ყველას გამარჯვება, ვინც ამას ებრძოდა, გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს სინამდვილეში აქ, ჩვენთან ერთად არიან, რადგან ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ, მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში ჩვენთან ერთად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ესაუბრა და მათგან მოლოცვა მიიღო. ზურაბიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გზაზე ერთად ივლიან და ერთ დღესაც მისი სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

„დღეს მივიღე მოლოცვა ასევე ჯოზეფ ბორელისგან და ესეც თქვენ გადმოგცათ, უამრავ მოქალაქეს აქ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. დღეს ჩვენთან იმყოფებიან ევროკავშირის ელჩები, იმ 27 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც მოსული არიან, რათა ეს დღე მოგილოცონ. მათი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ დღეს აქ არ ვიდგებოდით. ესენი არიან იმ ქვეყნების ელჩები, რომლებისგანაც ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში. 14-15 დეკემბერს, როგორც ვიცით, იკრიბება ევროპული საბჭო, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. დღეს რასაც ვზეიმობთ, არის კომისიის რეკომენდაცია და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ამ საბოლოო გადაწყვეტილების. ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, მაშინ წინსვლა არ იქნებოდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ ეს ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ეს საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია თითოეულ წევრ ქვეყანაზე. არ შეიძლება, რომელიმემ უარი თქვას ან შეეწინაღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას. ეს არის წესი ევროკავშირის და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. დაველოდოთ, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ ხელებდაკრეფილი. დაველოდოთ, რა მოხდება. ჩვენზე არის ასევე დამოკიდებული, რა იქნება ეს საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენს გამოხატულ ერთიან ნებაზეა დამოკიდებული. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ევროკავშირი, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, რომ ჩვენი ნება იყოს გამოხატული ერთიანად. ეს ნიშნავს, როგორც აქამდე, ხვალაც, ამ რამოდენიმე კვირაში, რაც გვაშორებს იმ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ამ საქმეში ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, პასუხისმგებლები ერთად და ყველანი ჩართულნი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ხვალ მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება. ზურაბიშვილის თქმით, „ნებსით თუ უნებლიეთ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“.

„რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეიდან დაიწყება ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“.

„კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, თქვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე და უნდა იყოს გაშლილი მთელ ქვეყანაზე, ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ, რათა ყველამ შეძლოს ხელმოწერა. ყველანაირი ინიციატივა მისაღებია და ჩვენ გავხსნით სასახლეს ხვალიდან ხელმოწერებისთვის. ხელმოწერა დღესაც შესაძლებელი იქნება.

მინდა, მივმართო ამ მხრივ ჩვენს დიასპორას, რომ მათი როლი ძალიან დიდია. ისინი უკვე არიან ევროპაში ან სხვაგან, მაგრამ ძირითადად ევროპაში. ვალდებულება აქვთ, ჩვენთან ერთად მოითხოვონ ის, რასაც თვითონ უკვე კარგად გაეცნენ, რითიც უკვე სარგებლობენ, ეს არის ქვეყნის მომავალი და არ შეიძლება, რომ არ იყვნენ სრულიად მონაწილე ამ წამოწყებისა.

დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, პოზიცია, ოპოზიცია. არ ვიცი, აქ ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ, მგონი, ჩვენ აქ ვიძლევით ერთიანობის სურათს, რაც არ უნდა იყოს, ხელმოწერა ღიაა ყველასთვის რამე პოლიტიკური მიკერძოების მიუხედავად და ამ ხელმოწერაში ადგილი არ აქვს მიკერძოებას. ყველა – პატარა, დიდი, რაც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რელიგიური თუ სხვა კუთხით, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი, რადგან ეს არის ყველას მომავალი, საქართველოს მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და წაიკითხა ევროპული საბჭოსადმი მიმართვა, რომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნულ მიმართვას და მოუწოდა მოქალაქეებს, მიმართვაზე მათაც მოაწერონ ხელი.

ორბელიანების მოედანზე გამართულ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც ესწრებოდნენ.