სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი მთავარი ტკივილია, ამ პრობლების დაძლევა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი მთავარი ტკივილია, ამ პრობლების დაძლევა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია

ვერ ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას არ დავძლევთ, ეს არის ჩვენი ტკივილი და მთავარი მოვალეობა,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ლაგოდეხში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ახალი თაობის ინიციატივების ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ, ვისაც აქვთ ხედვები და ოცნებები, ყველანაირად შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ინიციატივების მქონე და მათ ინიციატივებს ხელი უნდა შევუწყოთ. მე, როგორც პრეზიდენტი ვაპირებ, რომ ყველანაირად ხელი შევუწყო მათ, ვისაც აქვს რაიმე ხედვა და ოცნება და იციან რა უნდათ ამ ქვეყნიდან, როგორ გააკეთონ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ვართ დარწმუნებული, რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის იდეებით და ინიციატივებით, იქნება ნამდვილად თავისუფალი, რომელიც გავა 21–ე საუკუნეში.

ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაფერხებს ამ გადასვლაში. პირველ რიგში ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც არის ჩვენი მთავარი დასაძლევი. არ ვართ და არც ვიქნებით მთლიანად თავისუფალი და ბოლომდე დამოუკიდებელი, ვიდრე ამასაც არ დავძლევთ. ეს არის ჩვენი ტკივილი და მთავარი მოვალეობა. ამასაც, როგორც პრეზიდენტი, ძალიან კარგად გავითვალისწინებ. ვიცი, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა, რამდენად და როდის შევძლებთ ამას, დღეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.