სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, დღეს პასუხი არის მეტი სოლიდარობა, პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია
სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, დღეს პასუხი არის მეტი სოლიდარობა, პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავზე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას საქართველოში ჩამოსვლა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეები არის საქართველოსთვის, გუშინ დაიწყო ჩვენი ეროვნული დღესასწაულით და ჩვენი გენერალის, კვინიტაძის გადმოსვენებით. ძალიან ემოციური დღეებია და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდა გუშინდელ ჩვენს ზეიმს, ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის აღნიშვნას. მისი სურვილი იყო, ამ დღეს ყოფილიყო აქ, ჩვენთან, ეს იყო იმ საუკუნოვანი მეგობრობისა და სოლიდარობის გამოხატვა, რაც არის პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობების დამახასიათებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ სოლიდარობა ამით არ შემოიფარგლება და პოლონეთის პრეზიდენტი გუშინ ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს.

„ესეც არის ძალიან დიდი ნიშანი, თუ რამდენად იზიარებს პოლონეთი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელზეც კიდევ ერთხელ ვრცლად ვისაუბრეთ. აქვე, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო პოლონეთს იმისთვის, რომ მუდამ, პირველი დღიდან მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ამ წუთას ხელმძღვანელობს ამ მისიას, ამ მისიის როლზე ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ იმის აუცილებლობაზე, რომ მისიას მიეცეს მეტი საშუალება, საბოლოოდ შეძლოს ის, რაც გათვალისწინებულია 2008 წლის შეთანხმებაში, რომ ევროკავშირის სადაკმვირვებლო მისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნამდვილად დააკვირდეს სრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუ რა ხდება, ეს იქნება დეესკალაციის ერთ-ერთი საშუალება, მაგრამ არა საბოლოო გადაწყვეტა ამ რთული საკითხის.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ზაზა გახელაძის გატაცებასა და მისთვის 12-წლიანი განაჩენის გამოტანაზე, როგორც ყველაზე მტკივნეული საკითხის ერთ-ერთ მაგალითზე და იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რათა მალე მოგვარდეს ეს საკითხი, შეძლოს მან თავის ოჯახში დაბრუნება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიტუაციაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, დღეს პასუხი არის მეტი სოლიდარობა და მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერსპექტივა, სადაც არიან საქართველოს პარტნიორები და მეგობრები, ე.ი. ევროკავშირი და ნატო. ორივე მიმართულებით, აქაც პოლონეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთგული მხარდამჭერი და ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებაში.

ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა. ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, დღეს გვჭირდება ასევე ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები, ვიდრე ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გეგმას, 2024 წელს განაცხადს და შემდეგ გაწევრიანებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მანამდე საქართველოს სჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა.

„ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში, ამით აქ მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-ში საქართველოს პერსპექტივაზე.

„ვიცით, რომ მალე, 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება პირველად ახლად არჩეული ამერიკის პრეზიდენტი და ჩვენი მოთხოვნა გავაზიარე პოლონეთის პრეზიდენტთან, რომ ამ სამიტმა და მისმა ბოლო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის, ჩვენთვის იყოს იქ ერთობლივად ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის ღია კარი, როგორც ახლო წარსულში მაკედონიისთვის გაიხსნა კარი, ჩვენთვისაც ასევე ღია არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.