სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარფიშვილმა განაცხადა, რომელმაც მედიას პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, გაერო-ს 74-ე გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში, სექტემბრის ბოლოს გაიმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა. ასევე, გაერო-ს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის: მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.
გენერალური ასამბლეის კვირეულში, ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და გაერო-ს სააგენტოების ხელმძღვანელებთან.
ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ამავე კონტექსტში, გუშინ, 22 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლს შეხვდა.