სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას დაკავების შესახებ - არც დრო და არც ფორმა, სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო
სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიას დაკავების შესახებ - არც დრო და არც ფორმა, სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო

ეს ალბათ არ არის ადგილი, რომელსაც რამის დასაგმობად ავირჩევდი, მე ველოდები და მხარს ვუჭერ, კომპრომისს, დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვას, გმობს თუ არა ნიკა მელიას დაკავებას.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა უფრო მეტი მუშაობაა საჭირო კომპრომისის მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.

„ეს ალბათ არ არის ადგილი, რომელსაც რამის დასაგმობად ავირჩევდი, მე ველოდები და მხარს ვუჭერ, კომპრომისს, დეპოლარიაზაციას, დეესკალაციას. არც დრო და არც ფორმა, სავარაუდოდ, არ იყო საუკეთესო, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ კომპრომისების მოსაძებნად, რადგან ეს არის გზა საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისა და ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. მოვუწოდებ ყველა მათგანს, ალბათ უფრო მეტად მმართველ პარტიას, რადგან ისინი უფრო პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ თავიდან აიცილონ ის, რის გაკეთებასაც ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებისა და დესტაბლიზაციის სცენარის მხრივ. ორივე მხარემ ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, თუ ნამდვილად სჯერათ, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. მე ამის მჯერა, სრულად დარწმუნებული ვარ და არ ვფიქრობ, რომ ეს კრიზისი ევროპულ გზას შეაჩერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბიბისის“ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის შესახებ და ერთ-ერთ მაგალითად ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არის პიროვნების რეაქცია, რომელიც აღარ არის პოლიტიკაში და ვფიქრობ, ეს ძალიან გადაჭარბებულია“.

„ვფიქრობ, საქართველომ თავის გზაზე მიაღწია დიდ პროგრესს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოზე შეიძლება უარი თქვან მხოლოდ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც აქვს ასევე თავისი წინაისტორია – იყო პარლამენტის შტურმი, სხვადასხვა პროვოკაციები. ბალანსისთვის ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ დრო და ფორმა იყო ნამდვილად საუკეთესო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მოულოდნელად გახდა ავტორიტარული ქვეყანა. საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ არსებობს კრიზისი, თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ არავინ ამბობს უარს საქართველოზე (არავის ჩამოუწერია საქართველო). მანამდე საკითხზე მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ევროკავშირი ფიქრობს, რომ მოსმენილი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო რეგიონში კვლავ არის ყველაზე დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს სჭირდება საქართველო, როგორც ევროპული გზა ამ რეგიონში და მკაფიოა, რომ საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა პოლიტიკურმა ფიგურამ მედიატორის როლი იკისრა ამ კრიზისში. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ გადავლახავთ ამ კრიზისს. თქვენ იცით, რომ საქართველოს უნახავს ბევრი უფრო მეტად დრამატული მოვლენა თავის ისტორიაში და ჩვენ ისინი გადავლახეთ. ჩვენ ერთ-ერთი გამძლე ქვეყანა ვართ და დარწმუნებული ვარ ჩემს ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ნიკა მელია ციხეშია და როგორ ფიქრობს, მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს თუ არა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არ ვაპირებ მთავრობას ბრძანება მივცე, განსაკუთრებით „ბიბისის“ ეთერიდან“.

„ვფიქრობ, გამოიძებნება გამოსავალი. რამდენიმე დღეში გავიგებთ და ეს იქნება მედიაციის ნაწილი, რომელიც თუ არ ვცდები, უკვე ხვალიდან დაიწყება. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობასა და ოპოზიციას, შეწყვიტონ რიტორიკა, პროვოკაცია და მოემზადონ ამ დიალოგისთვის, კომპრომისის პოვნისთვის. დღეს ქუჩაში ათასობით ადამიანი არ დგას, სიდიდით მეორე ქალაქში გაცილებთ მეტი ხალხი აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას. აქ, თბილიში 5-დან 8 ათასამდე ადამიანი იყო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ გეთანხმება, კომპრომისი უნდა მოიძებნოს. რაც შეეხება გაყალბების შესახებ ბრალდებას, სულ ცოტა ხნის წინ ეუთო-მ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა არჩევნებზე, სადაც მსგავსი არაფერია ნათქვამი და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს არჩვენების ლეგიტიმურობას. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ, რომ გაყალბება წინასწარ ცხადდება, როდესაც არჩევნები ტარდება. იმ შემთხვევაშიც, თუ მათთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ლეგიტიმურობა მაინც ეჭვქვეშ დგება, როდესაც წაგებული პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა უფრო ძლიერი ქვეყნებისთვისაც. რაც უნდა ვქნათ, არის ის, რომ გადავჭრათ კრიზისები, ევროკავშირთან ერთად, ევროპულ გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.